ჩვენს შესახებ

„ვეგან ჯორჯია“ არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაარსდა 2015 წელს. ჩვენ ვართ საქართველოში პირველი და ამჟამად ერთადერთი ოფიციალური ვეგანური ორგანიზაცია, რომლის მიზანია თითოეული ცხოველის უფლებათა დაცვა.

ჩვენი მიზანია თანაგრძნობისა და სამართლიანობის გაძლიერება საქართველოში და მის მიღმა — სოციალური, კულტურული და პოლიტიკური სივრცეების ფარგლებში, ადამიანის და არაადამიანი ცხოველების ურთიერთობის ალტერნატიული ხედვის დანერგვით.

ამ მიზნის მისაღწევად ვიყენებთ მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და მიდგომებს, რომლებიც მოიცავს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს და ორიენტირებულია გრძელვადიან, მდგრად ცვლილებებზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ცხოველთა მიმართ ძალადობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც ინდივიდუალური ქმედებების გარდა, სისტემურ და კომპლექსურ რეაგირებას მოითხოვს.

„ვეგან ჯორჯიას“ მთავარი მისია ეფუძნება ცხოველთა უფლებების დაცვასა და მათი ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ მტკიცედ გვჯერა საყოველთაო თავისუფლებისა და სამართლიანობის იდეის, ვგმობთ ცხოველთა ჩაგვრის ყოველგვარ ფორმას და ვიბრძვით ცოცხალ არსებათა განთავისუფლებისთვის.

ამასთან, ჩვენ ვიაზრებთ მტკიცე კავშირს ცხოველთა თავისუფლებას, გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებებს შორის. ჩვენ პოპულარიზებას ვუწევთ მცენარეულ კვებას როგორც ჯანმრთელობისთვის, პლანეტისათვის და მორალური ჰიგიენისთვის ყველაზე სასარგებლო არჩევანს.

ჩვენთვის ყოველი სიცოცხლე ფასეულია და თანაბარ პატივისცემას იმსახურებს, განურჩევლად მისი სახეობისა. სწორედ ამიტომ, ვქმნით სამყაროს, სადაც თანაგრძნობა და თანასწორობა იქნება ძირითადი ღირებულება სამართლიანი და ჰარმონიური მომავლის შესაქმნელად.