საქართველოში სამწუხაროდ დღემდე აღინიშნება მრავალი დღესასწაული, რომელსაც თან სდევს ცხოველთა რიტუალური მკვლელობა. ცხოველთა მსხვერპლშეწირვა არის სასტიკი, უსამართლო და ანტიქრისტიანული ქმედება, რომელსაც ნეგატიური ზეგავლენა აქვს არასრულწლოვანთა ფსიქიკასა და ეკოლოგიაზე, აღვივებს აგრესიას და ეწინააღმდეგება ცივილიზებული მსოფლიოს მოთხოვნებს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე აკრძალულია ეს სისასტიკე. საქართველოში ცხოველთა მსხვერპლშეწირვის საწინააღმდეგო სხვადასხვა აქტივობები წლების მანძილზე მიმდინარეობდა, მაგრამ ინტენსიური, ყოველწლიური ხასიათი 2016 წლიდან მიიღო.

ჩვენი მოთხოვნაა აიკრძალოს ცხოველის საჯარო სივრცეში მოკვლა, მათ შორის მსხვერპლშეწირვა და სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ სადიზმის აღმოსაფხვრელად. ამ მიზნით ჩვენ მივმართეთ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით 700 მდე მატერიალური ხელმოწერით, რაზედაც პარლამენტმა აქტივისტებს მოგვცა პირობა, რომ ამ მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნებოდა, რათა ქმედების აკრძალვა მომხდარიყო. სამწუხაროდ, რამდენიმე თვის შემდეგ, პარლამენტის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ პასუხში კი უბრალოდ უარყოფილ იქნა წინადადება და მათ მიერ მოცემული დაპირება. გარდა საკანონმდებლო წინადადებისა, მომზადებული გვაქვს მრავალათასიანი ონლაინ პეტიციაც.  ჩვენ აგრეთვე მივმართეთ საპატრიარქოსაც, თუმცა უშედეგოდ. მართალია საქართველოს საპატრიარქო არაოფიციალურად გმობს ცხოველთა მსხვერპლშეწირვას, თუმცა მათ მიერ გაკეთებულ არაერთ განცხადებაში ყოფილა პირდაპირი მოწოდება მსხვერპლშეწირვისადმი, აგრეთვე აღნიშნული პრობლემისადმი ინდიფერენტული მიდგომა, რაც პირდაპირ ხელს უწყობს აღნიშნულ სისხლიან პრაქტიკას. საპატრიარქოს დიდი ავტორიტეტის გათვალისწინებით, მათ ეკისრებათ დიდი პასუხისმგებლობა, ოფიციალური განცხადებით აღუდგნენ წინ სასტიკ ქმედებას. სანამ არ მოხდება მსხვერპლშეწირვის ფორმალური და მკაფიო აკრძალვა მათი მხრიდან, ეს სასტიკი რიტუალები კვლავაც გაგრძელდება. ჩვენ მივმართეთ საპატრიარქოსაც, რომელიც თავისი განცხადებებით და ინდიფერენტულობით ხელს უწყობს მსხვერპლშეწირვას, თუმცა უშედეგოდ.

2022 წლის 11 ივნისს გამართულ აქციაზე, აგრეთვე მოეწყო პერფორმანსი, სადაც პოლიციამ უკანონოდ დააკავა 2 აქტივისტი და შეზღუდა თავისუფალი გამოხატვისა და თავისუფალი გადაადგილების უფლება, რომელიც მომდინარეობს როგორც კონსტიტუციიდან, ასევე უფლებათა ევროპული კონვენციიდან. სახელმწიფომ სასამართლოს ორ ინსტანციაში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო აქტივისტები და შემოიფარგლა გაფრთხილებით, გასაჩივრების უფლების გარეშე; რაც ცალსახად წარმოადგენს ობიექტურ რეალობასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას, რომელიც არღვევს კონვვენციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

ჩვენ ვებრძვით არა დღესასწაულსა და ტრადიციებს, არამედ- კონკრეტულ სისხლიან ტრადიციას, რომელსაც ჰყავს მსხვერპლი. ამ მიზნით, სამოქალაქო აქტივისტები გაჩერებას არ ვაპირებთ მანამ, სანამ არ მივაღწევთ საქართველოში ამ სასტიკი პრაქტიკის სრულად აღმოფხვრას.

#დღესასწაულიმსხვერპლისგარეშე
#არამსხვერპლშეწირვას.